არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი' ტელეკომპანია ' „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკანონოს უწოდებს და ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით უზრუნვეყოფილი სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. ორგანიზაცია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს,რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი'' შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში ქართულ მედიაში განვითარებული მოვლენების გამო. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით უზრუნვეყოფილი სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.
გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებს და იგი ყველა იმ უფლების ქვაკუთხედია, რომელთა დაცვა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გამოხატვის თავისუფლება განაპირობებს სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას.
გაეროს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს აზრისა და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა.
ტელეკომპანია ,,მაესტროს” სატელიტური ანტენების დაყადაღების საკითხი და კარალეთში ჟურნალისტების ცემის ფაქტი მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის, შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში სახელმწიფომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და მოახდინოს მყისიერი და ადექვატური რეაგირება.
,,42–ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ უნდა იყოს გამჭვირვალე, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ბრალდებას.
ორგანიზაცია მოითხოვს კარალეთში ჟურნალისტების ცემის ფაქტზე სახელმწიფომ შეასრულოს მისი ვალდებულება და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება.
მედიის როლი უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის, რაც განსაკუთრებით იზრდება წინასაარჩევნო პერიოდში. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მედიის თავისუფლება მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით”,-ნათქვამია განცხადებაში