საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარიზის სახლი საფრანგეთის პოლიციამ გაჩხრიკა იმ ბრალდებით, რომ სარკოზი 2007 წლის საარჩევმო კამპანიის დროს არალეგალურად იღებდა დამატებით ფინანსურ შემოსავლებს.
სარკოზის ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების აღება საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანის, L'Oreal-ის იმპერიის მფლობელის ლილიან ბეტანკურისგან.
ჩხრეკა ჩატარდა აგრეთვე ყოფილი პრეზიდენტის კუთვნილ საადვოკატო კანტორაში, რომელიც მის სახლთან ახლოს მდებარეობს.
სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც მადამ ბეტანკურის ბუღალტერმა კლერ ტიბუმ 2010 წელს საფრანგეთის პოლიციას შეატყობინა იმის შესახებ, რომ 150 000 ევროს გადაცემა მოხდა „სახალხო მოძრაობის კავშირისთვის“, რომელსაც სწორედ სარკოზი ხელმძღვანელობდა. ტიბუს განცხადებით, ეს თანხა განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ერიკ ვერტი, სარკოზის გამარჯვების შემდეგ, ფინანსთა მინისტრი გამხდარიყო.
მადამ ბეტანკურის ბუღალტრის განცხადებით, ნიკოლა სარკოზი L'Oreal-ის მფლობელის რეზიდენციას არჩევნების პერიოდში კვირაში ორჯელ მაინც სტუმრობდა. ხოლო მადამ ბეტანკური სარკოზის საარჩევნო კამპანიის გამოსაყოფ თანხებს, ოჯახის წევრებთან ათანხმებდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ყველა ბრალდებას უარყოფს და მას „ბინძურ ბრალდებებს“ უწოდებს.