„ვფიქრობ, აღიარა ხელისუფლებამ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ივანიშვილი ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. პრაქტიკულად, მის გამონათქვამებს და პროგრამას სარკისებურად იმეორებენ“, - ამის შესახებ „ტრადიციონალისტმა“ აკაკი ასათიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და ახალი სამთავრობო ინიციატივების შეფასებისას განაცხადა.
ასათიანის თქმით, საკადრო ცვლილებების განმსაზღვრელი არჩევნებია, თუმცა მისთვის გაუგებარია არჩევნებამდე სამ თვეში რას მოასწრებს ხელისუფლება და ახალი პრემეირ-მინისტრი.
მისივე თქმით, ძნელი სათქმელია, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მისი დაწინაურებაა თუ დაქვეითება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ვიდრე დაწინაურებას, საპატიო უკან დაწევას ჰგავს.
ასათიანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა ძალოვანი უწყებები თავის გამგებლობაში დაიტოვა.
„ჩვენთან ჯერ-ჯერობით ყოველშემთხვევაში, პრემიერ - მინისტრი გადამწყვეტ როლს არ ასრულებს და მეეჭვება ეს ყველაფერი იგივე მერაბიშვილს შეასრულებინონ. ცხადია, რომ ეს ცვლილებები საარჩევნოდ განხორციელდა, რომ როგორმე ივანიშვილის მხარდამჭერების ტალღა შეჩერდეს. სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, დაზღვევა ყველაფერს ერთი ერთში იმეორებენ, რასაც ივანიშვილი წარნოადგენს. მეგონა, ახალს მოიფიქრებდნენ, თუმცა ვერ შეძლეს“, - განაცხადა ასათიანმა.