ირაკლი ალასანია ზუგდიდში ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ის ადგილობრივი მოსახლების პრობლემებს გაეცნო და ის სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აპირებს.
ალასანიას თქმით, საზოგადოებაში უსამართლობის განცდაზე იყო საუბარი და მათთან ერთად ამის შეცვლის ალტერნატივები და გზები დასახეს, რომლითაც ალასანიას თქმით, ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა მოხერხდება.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა წვლილს შეიტანს „ქართული ოცნება“ სოფლის მეურნეობაში - რომ მილიარდ ინვესტიციას ჩადებს, ჯანდაცვაზე, რომ პოლიცია და სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა კონკრეტულ პარტიას. საუბარი იყო რუსეთთან ურთიერთობებზეც, როგორ წარმოგვიდგენია მათთან კონტაქტი, როგორ უნდა დაიწყოს სავაჭრო ურთიერთობები, როგორ უნდა მოხდეს რეალურად ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა და ჩვენი ინტერესების დაცვა“, - განაცხადა შეხვედრისას ალასანიამ.
ირაკლი ალასანია ახალ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესები ღრმა სამთავრობო კრიზისს ადასტურებს,
„მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ და ხალხისთვის ამით არაფერი არ იცვლება. მივალთ გეგმაზომიერად არჩევნებზე, სადაც გამოვა ხალხი და საკუთარ არჩევანს გააკეთებს“, - დასძინა ალასანიამ.