„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებების განხორციელება მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალებში“ რაღაც გაუგებრობაა, ხოლო პრემიერმინისტრად ვანო მერაბიშვილის დანიშვნას, რომელსაც საუბარი უჭირს, სააკაშვილს მინუსად უთვლის.
„განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები, ხელისუფლების მიერ თავისი დამარცხების აღიარებაა, ვინაიდან მთავრობის და პრემიერის გამოცვლა მიუთითებს იმას, რომ იქ რაღაც გასაჭირია. ამ ცვლილებებით აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება. არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობაზე იქნება ვანო მერაბიშვილი ან ბატონი ახალაია. ეს ადამიანები ისედაც იყვნენ ხელისუფლებაში, რა ძალაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ისევ ის ძალა დარჩება. არის მინუსიც. დაინიშნა პრემიერი, რომელსაც ორატორული თვისებები არ გააჩნია, მას კი ლაპარაკი უწევს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილმა ყოველთვის იცოდა, რომ ხალხთან ურთიერთობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მერაბიშვილის დანიშვნა ამ თანამდებობაზე, პრინციპში გაუგებარია ორი მიზეზის გამო. პირველი- მერაბიშვილი გაუგებრად საუბრობს, ვერც წინადადებებს ვერ ამთავრებს და ვერც სიტყვებს, მას გააჩნია სრულიად მიუღებელი ლექსიკა, რომელიც შეიძლება არავის არ ესმოდეს. ეს მინუსია. პრემიერმინისტრად კარგი ორატორი და მოლაპარაკე, ცინიკოსი პიროვნება უნდა დაენიშნა სააკაშვილს, თუნდაც გიგა ბოკერია“,-აცხადებს ბერძენიშვილი.
„რესპუბლიკელების“ ლიდერის განცხადებით, „ნაციონალებმა“ პლაგიატობა ჩაიდინეს- ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო პროგრამა მოჰპარეს, ხოლო ე.წ „ლიბერალურმა ფრთამ“, როგორც იქნა აღიარა, რომ საქართველო აგრარული ქვეყნაა.
„რაც შეეხება გიგა ბოკერიას და სხვებს, ე.წ „ლიბერალური ფრთა“ სულ გვეუბნებოდა, რომ თქვენი პროგრამა კომუნისტურია, ვაუჩერი არ შეიძლება, საყოველთაო დაზღვევა არ შეიძლება. გველაპარაკებოდნენ იმაზე, რომ საქართველო ტურიზმის ქვეყანა უნდა იყოს, რომ სოფლის მეურნეობა ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს. რამდენიმე ხნის წინ, კახა ბენდუქიძემ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდა, განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობაში 1 მილიარდის ჩადება სისულელე და იდიოტობაა, ზუსტად ეს სიტყვა იხმარა, ახლა მერაბიშვილი აპირებს სოფლის მეურნეობაში 4 მილირდის ჩადებას. მოხდა პლაგიატი-„ნაციონალებმა“ ბიძინა ივანიშვილს ღიად წაართვეს პროგრამა, ეს ნიშნავს, რომ ამ რვა წლის განმავლობაში საქართველოში ყველაფერი არასწორად მიმდინარეობდა, განსაკუთრებით პროგრამული თვალსაზრისით. გაირკვა და როგორც იქნა დადგინდა, რომ საქართველო თურმე აგრარული ქვეყნაა. ეს ასეც იყო ყოველთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო სამსახური ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველო აგრარული ქვეყანა გახლდათ. როდესაც ქვეყნის მოსახლების ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს, ეს გასაგებიცაა. მაგრამ ხელისუფლებას არც ქართული კიტრი უნდა, არც პომიდორი, ერჩივნათ ირანული და თურქული. როდესაც სიმართლე გამოვლინდა, ამაზე საუბარმა მოუწიათ. ახლა შეეცდებიან, ილაპარაკონ იმაზე, რომ ივანიშვილმა მათ მოპარათ საარჩევნო პროგრამა. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, სააკაშვილი პუტინს რომ ბაძავს ყველაფერში და მერე აცხადებს, პუტინი პოლიტიკურად მძარცვავსო“,- აღნიშნავს ბერძენიშვილი.
ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხების გზას დაადგა, რადგან იგი მოპასუხე მხარედ გადაიქცა.
„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი კარნახობს პირობებს, ხოლო ხელისუფლება თუთიყუშივით იმეორებს რომ სოფლის მეურნეობა კარგია და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს მიხედვა სჭირდებათ, ის, რომ განათლებაში პრობლემებია, ახლა აღმოაჩინეს და უნდათ ეს პრობლემები გადაწყვიტონ. განსაკუთრებით სასაცილოა კომკავშირელი გოგონას დანიშვნა განათლების მინისტრად, რომელმაც დიდი შემართებით განაცხადა, რომ 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. როგორც ჩანს, კოკა სეფერთელაძის შემდეგ, პოპულარულია 24-საათიანი მუშაობის იდეა. ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ყოფნის დროს 18 საათი მუშაობდა და მხოლოდ 5 საათი ეძინა, ერთი საათი ალბათ მოსაწესრიგებლად და ჭამისთვის სჭირდებოდა. არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება, ხატია დეკანოიძეს არც თმის დავარცხნა და პირის დაბანა არ სჭირდება? არ შეიძლება ასეთი ადამიანის იმედად იყოს ხელისუფლება და ძალიანაც კარგი. მათ აჩვენეს, რომ ისინი აუცილებლად დამარცხდებიან“,-აცხადებს ბერძენიშვილი.