პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა დეპუტატები დაამშვიდა, რომ თუ საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდებიან უმუშევრები არ დარჩებიან. გუშინ, პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა გაიმართა.
ნაციონალური მოძრაობა მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრებს ჟურნალისტების გარეშე შეხვდა, თუმცა, ინფორმაციამ ნაციონალებიდან მაინც გაჟონა.
ამ შეხვედრაზე ნაციონალები და მინისტრობის კანდიდატები ერთმანეთს აგულიანებდნენ, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებს მოიგებენ და ბიძინა ივანიშვილი მათი ალტერნატივა არ არის.
დახურულ სხდომაზე, მერაბიშვილისთვის კითხვის დასმა და თავის გამოჩენავიცე-სპიკერს გიგი წერეთელს სურდა, თუმცა, პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მას ამის საშუალება არ მისცა.
„გიგი წერეთელს ოქტომბრამდე ხმა არ ამოაღებინოთ“, - იხუმრა მიხეილ მაჭავარიანმა. ამის შემდეგ წერეთელს კითხვის დასმის სურვილი აღარ გასჩენია.
რაც შეეხება იმ დეპუტატებს, რომლის ვინაობა საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი, ისინი მოკრძალებული ბავშვებივით ისხდნენ და ვანო მერაბიშვილს თვალებში შესციცინებდნენ.
მერაბიშვილმა მათი გული გუშინ უკვე „მოიგო”. იგი დეპუტატებს დაჰპირდა, რომ ვინც სიაში ვერ მოხვდება და ასეთი საკმაოდ ბევრი იქნება, სამსახურის გარეშე არ დარჩება და აუცილებლად დასაქმდება.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალ მთავრობაში დასაქმების მინისტრის პოსტი უკვე ზარზეიმით შეიქმნა, მინისტრ პაატა ტრაპაიძის ნომერ პირველი საზრუნავი სიის გარეშე დარჩენილი დეპუტატების დასაქმება იქნება.