ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის ვასილ ჭყოიძის შეფასებით, მთავრობის ახალი პროგრამა „მეტი სარგებელი ხალხს“ და იქ გაწერილ ხარჯები კონკრეტულად, „4 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან პენსიების დაფინანსების მიზნით - 6 მილიარდი ლარის, ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით - 3 მილიარდი ლარის, სოციალური დახმარებებისათვის 3 მილიარდი ლარის, სოფლის მხარდაჭერის მიზნით - 4 მილიარდი ლარის და განათლების დაფინანსების მიზნით - 4 მილიარდი ლარის დახარჯვა“ საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება, თუმცა აღნიშნავს, რომ პრინციპში, ამ ინიციატივების განხორციელება შეუძლებელიც არ ჩანს.
„რამდენად მოახერხებს ახალი მთავრობა თავის შემადგენლობით ამ ინიციატივებს გაართვას თავი, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ბოლო პერიოდის ეკონომიკურ ზრდას თუ გავითვალისწინებთ ალბათ, ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც ამას ეფუძნებოდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მთლიანი შიგა პროდუქტი 11 მილიარდიდან 14 -ს მიუახლოვდა და თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, ასეთი პროგრამის განხორციელება შესაძლებელია, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ასეთ სოციალურ პროგრამებზე ამდენი თანხის გამოყოფა დიდი ტვირთი იქნება“, - განაცხადა ჭყოიძემ.
რაც შეეხება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ინიციატივების იდენტურობას , ჭყოიძე აცხადებს, რომ იდენტურობის დასკვნას ის იწვევს, რომ დღეს საქართველოში რეალური პრობლემა დასაქმებაა.
„ოპოზიციაში და ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, ნებისმიერი მთავარ პრობლემად დასაქმებას მიიჩნევს, ამიტომ ბუნებრივია, ეს განცხადებები დასაქმებას ეხება და დასკვნა, რომ იდენტურია ეს პროგრამები აქედან გამომდინარეობს“, - აცხადებს ჭყოიძე.
ჭყოიძეს მიაჩნია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სამთავრობო ცვლილებების გამომწვევი მომავალი არჩევნებია.
„ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ახალი ცვლილებით გარკვეულწილად სამთავრობო სტრუქტურების ეფექტურობის გაზრდა მოხდება და მეორეს მხრივ, ამ გადაადგილებით პრემიერ-მინისტრის პოსტის პოლიტიკური წონის გაზრდა ხდება“, - განაცხადა ჭყოიძემ.