ახალ მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებაში საარჩევნო მობილიზება მიმდინარეობს აცხადებს არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახა კახიშვილი.
მისი თქმით, არჩევნების შედეგებზე ზრუნვა მთლიანად ვანო მერაბიშვილს გადააბარეს. რაც შეეხება შს მინისტრად ახალაიას დანიშვნას, კახიშვილის თქმით, ეს ფაქტობრვად უკავშირდება იმ პოლიტიკის გატარებას, რაც შს სამინისტროში იყო დაგეგმილი.
„ეს არის ისევ ის მოსმენები, ის თვალთვალი და ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც მომავალშიც აუცილებლად იქნება. თვითონ ბაჩო ახალაიას ძმა წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა შს სამინისტროს. ზუსტად იმ დეპარტამენტს, რომელთანაც სწორედ პოლიტიკური დევნის საკითხები იყო დაკავშირებული “, - განაცხადა კახიშვილმა.
რაც შეეხება თვითონ შაშკინის თავდაცვის სამინისტროში გადაყვანას, ექსპერტის თქმით, მას ვარაუდი ჰქონდა, რომ განათლების ყოფილ მინისტრს ან შინაგან საქმეთა სამინისტროში გაუშვებდნენ, ან თავდაცვის სამინისტროში, რადგან მისი თქმით, ფაქტი იყო, რომ ეს ადამიანი განათლების მინისტრად თავს ვერ გრძნობდა „კომფორტულად“. „ალბათ იფიქრეს, რომ თავდაცვის მინისტრად უმჯობესი იქნებოდა“.
კახიშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და ახალი პრემიერის პროგრამების მსგავსებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ხელისუფლების ახალი პროგრამით, დადასტურდა, რომ მათ ძალიან კარგად იციან რა აწუხებს ქართველ ხალხს.
„მთელი 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებისგან ჩვენ გვესმოდა, რომ ყველაფერი ხუთიანზე აქვთ გაკეთებული და მხოლოდდამხოლოდ წინ მივდივართ, ეხლა კი განაცხადეს, რომ იციან რა პრობლემების წინაშე დგას ხალხი და რა რთული სოციალური მდგომარეობაა - ანუ მათ შესანიშნავად იციან რეალურად რა აწუხებს ქართველ ხალხს“, - აღნიშნავს ექპერტი.
როგორც კახიშვილი აცხადებს, იმ მილიარდების შოვნაში, რომელიც აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად არის საჭირო ყველაზე მეტად ბიზნეს სექტორი დაზარალდება. მისი თქმით, პროგრამების დაფინასება სწორედ მათ ხარჯზე მოხდება და აღნიშნა, რომ ეს თავისთავად ისევ ცუდად იმოქმედებს ქვეყნისა და ბიზნესის მომავალ განვითარებაზე.
„მე ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა არარეალურია და თავიდან ბოლომდე მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის არის გათვლილი. საქართველოს ნამდვილად არ აქვს იმდენი ქონება, რომ იმ პროგრამას მოახმაროს, რა პროგრამაზეც არის საუბარი. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ოჯახებისთვის 1000 ლარიანი ვაუჩერების დარიგების ინიციატივა ხალხის გულის მოსაპოვებლად გაჟღერდა. რეალურად ვერანაირ შედეგს ვერ მოგვცემს 4 წელზე გადანაწილებული ეს თანხა. უბრალოდ გულს უხარია და ეგ არის“ , - აღნიშნა კახიშვილმა.