რუსეთის პოლიციამ ქართველი გენერლის რომან დუმბაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავა.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, მოსკოვში სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებამ შეიარაღებული დაჯგუფების სამი წევრი დააკავა, რომლებიც რუსეთის დედაქალაქში გენერალ დუმბაძის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი.
სამივე მათგანი ქართველია. რუსი ძალოვნები დაკავებულების ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ამხელენ.
მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველოს ინფორმაციით, შეიარაღებული დაჯგუფების სამი წევრის მიმართ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება.
დაკავებულთა საცხოვრებელ ბინებში უკვე ჩატარებულია ჩხრეკა. გამოძიების ვერსიით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები იყვნენ დაქირავებულები და მათ კავშირი აქვთ მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე ჩადენილ სხვა მძიმე დანაშაულებებთან.
"გამოძიება გეგმავს, დაკავებულებს წაუყენოს ბრალი მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში. ასევე სასამართლოს წარუდგინოს შუამდგლმლობა მათი დაპატიმრების შესახებ", - ნათქვამია მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის პოლიციამ 26 წლის ეჭვმიტანილი მიხეილ ტონია დაკითხა. თუმცა სააგენტოს ცნობით, ტონია დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მისი ოჯახის წევრების თქმით, ტონია რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეში, შემთხვევითაა გარეული.
"გარკვეული დროის მანძილზე, ჩვენთან სახლში ცხოვრობდა და პირად ნივთებს ინახავდა მიხეილის მეგობარი თორნიკე კვირიკაშვილი, რომელიც ახლა ძებნაში იმყოფება. დღეს დილით, ჩვენთან პოლიციები მოვიდნენ, გვაჩვენეს ფოტო რომელზეც ავტომობილი იყო გამოსახული, აინტერესებდათ ჩვენი კუთვნილება იყო თუ არა აღნიშნული მანქანა. არადა ფოტოზე გამოსახული ავტომობილი კვირიკაშვილს ეკუთვნის. პოლიციელებმა ჩვენი სახლი გაჩხრიკეს, რის შემდეგაც მიხეილი განყოფილებაში წაიყვანეს. რამდენიმე საათში იქ კიდევ მოიყვანეს ორი ეჭვმიტანილი, მაგრამ ისინი ვერ ვიცანი, აქამდე არცერთი მათგანი თვალით არ მინახავს "- ამბობს რუსულ საინფორამციო სააგენტოსთან საუბარში მიხეილ ტონიას დედა. დაკავებულებს ბრალს უახლოეს დღეებში წაუყენებენ.
ქართველი გენერალი, რომან დუმბაძე 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში მოკლეს. მას რუბლიოვსკაიას გზატკეცილზე საკუთარ სახლთან მოტომრბოლელები დახვდნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დუმბაძეს რამდენიმე ტყვია თავისა და მუცლის არეში მოხვდა და „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. დამნაშავეები მოტიციკლით მიიმალნენ, რომელიც შემდეგ იქვე ახლოს ეზოში დატოვეს.
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებასა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის დაძაბული ურთიერთობების დროს, რომან დუმბაძემ უარი განაცხადა დამორჩილებოდა საქართველოს პრეზიდენტს და ცენტრალურ ხელისუფლებას გაემიჯნა, რისთვისაც მას სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენეს.
სამშობლოს "მოღალატე" გენერალს ქართულმა მართლმსაჯულებამ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გენერალი, დუმბაძე რუსულმა მხარემ 12 ქართველ სამოქალაქო ტყვეში გაცვალა.