From.ge-ს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნატა ავალიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
შეეფერება სიმართლეს თუ არა და რა გახდა ავალიანის გათავისუფლების მიზეზი, ინფორმაციის დასაზუსტებლად ნატა ავალიანს დავუკავშირდით. ავალიანმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ დაადასტურებს.
ინფორმაციის გადამოწმება და დეტალების დაზუსტება ჯანდაცვის სამინისტროშიც ვცადეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გივი ორდენიძემ from.ge-სთან საუბარში აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
ორდენიძის განცხადებით, ეს ინფორმაცია უბრალოდ გავრცელებული ჭორია . „ ვერ დაგიდასტურებთ, ნატა ავალიანი ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას“,- განაცხადა ორდენიძემ.
ორდენიძემ დეტალების დაზუსტება სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელთან სოფო გვალიასთან გვთხოვა.
From.ge სოფო გვალიასაც დაუკავშირდა. სოფო გვალიამ საქმის გასარკვევად, ცოტა დრო გვთხოვა. ცოტა ხანში მას კვლავ დავუკავშირდით.
„მოვიკითხე და ქალბატონი ნატა ჩვეულებრივ სამსახურშია და აგრძელებს მუშაობას. გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ვადასტურებ “,- განუცხადა from.ge-ს სოფო გვალიამ
მართალია ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავალიანის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია და მეტი არაფერი, თუმცა ხშირია შემთხვევა, რომ ასეთი ჭორი მართლდება. ნატა ავალიანის პასუხიც „ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ“, ამ ინფორმაციას გარკვეულ რეალობასთან აახლოებს..
ჯერ უცნობია რა შეიძლება გამხდარიყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, ეს გადაწყვეტილება გაპრემიერიმინისტრებულ მერაბიშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის დღეს, პარლამენტში მომხდარ „შელაპარაკებას“ უკავშირდება.
ნატა ავალიანი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის დირექტორად 2010 წელს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე პაატა იმნაძე შეცვალა.