გურჯაანში „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს ოლიმპიური ჩემპიონი, რევაზ მინდორაშვილი იყრის. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ პრაიმერში, რომელშიც რევაზ მინდორაშვილი, „ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია, „რესპუბლიკური პარტიის“ გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზვიად ყვირალაშვილი, ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გურჯაანის გამგებლის ყოფილი მოადგილე როინ ქოჩორაშვილი და „კონსერვატიული პარტიის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სოფელ კაჭრეთის ყოფილი გამგებელი გივი რამაზაშვილი მონაწილეობდნენ, მინდორაშვილმა პრაიმერის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
რევაზ მინდორაშვილი 1976 წლის 1 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაიბადა. 2008 წელს, პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალ ჭიდაობაში, 84 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ხოლო „ქართულ ოცნებაში“ 26 მაისს გაწევრიანდა.
აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში კახეთში კიდევ ერთი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დედოფლისწყაროში კენჭს ძიუდოში ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი იყრის.