პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს. ბიუროს შემაჯამებელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დღეს პარლამენტის სხდომა 12.00 საათზე დაიწყება.
მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის” პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ფრაქციის წევრების განმარტებით, მათ მერაბიშვილის “მოღვაწეობაზე” მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში 5 ცვლილება გახორციელდა: პრემიერის თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ბაჩანა ახალაიას, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი შაშკინის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ხატია დეკანოსიძის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობაზე დალი ხომერიკის. ასევე იქმნება ახალი, დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც სათავეში პაატა ტრაპაიძე ჩაუდგება.