ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეუსრულებელი დაპირებები ახალ პროგრამაშიც აღმოაჩინა.
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცაგარეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო ჟურნალი - „გზა გამარჯვებისკენ“ წარმოადგინა, რომელიც 2007 წლის 30 ნოემბერს არის გამოცემული.
ცაგარეიშვილის თქმით, ამ ჟურნალში თავმოყრილია მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული უამრავი დაპირება, მათ შორის არის ჩამოთვლილი: მინიმალური პენსია 100 დოლარი, უფასო ჯანდაცვა პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის და სოციალურად დაუცველთათვის დასაქმების პროგრამა და 1000 ლარიანი ვაუჩერი ყველა ახალშობილის დაბალშემოსავლიანი ოჯახს.
„ამ ჟურნალში სააკაშვილის ბევრი საინტერესო მარგალიტია წარმოდგენილი. მაგალითისთვის მომყავს ციტატა: „დაიძინე ახალქალაქში და გაიღვიძე შუაგულ ევროპაში. „მალე ბაქანზე ჩამომდგარი მატარებელი ჩაჰბერავს კუ-კუუუ-ს და აიღბს გეზსს ევროპისკენ“, „პეკინი-თბილისი-ლონდონის მშენებლობა გეოპოლიტიკური რევოლუციაა“, „ჩვენს შვილებს შვეიცარიაზე ოცნება აღარ დასჭირდება, ის შაორზე იქნება“, „2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს მიწა ბოლო რუსულმა ტანკმა დატოვა. ოკუპაცია დამთავრდა“ , სოხუმი-ხელის გულზე“, „აღმშენებლობის სასწაული ზემო აფხაზეთში, აბა გაბედონ და ხელი შეგვიშალონ“, ვასტერჯი წმინდა გიორგი“, „კოკოითო, გზა მშვიდობისა“ , „სააკაშვილმა განმუხურთან რუსულ არმიას კუდით ქვა ასროლინა“ . ეს მარაზმი წლიდან წლამდე მეორდება და ამის შემდეგ თუ ვინმე მეტყვის, რომ მთავრობა ახალი შემადგენლობით და ახალი სამთავრობო პროგრამით წარსდგა, მე მის გონებრივ შესაძლებლობებში სერიოზულ ეჭვს შევიტან“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, მე-9 წელია სააკაშვილისგან უამრავ სამთავრობო პროგრამას ვისმენთ სხვადასხვა სახელით-„საქართველო სიღარიბის გარეშე“, „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“, „მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა, „მეტი სარგებელი ხალხს“ და მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება.
ფრაქცია დღეს პროტესტის ნიშნად მთავრობის ახალ შემადგენლობას აღარ შეხვდა.
„მათთან შეხვედრა მგლის თავზე სახარების კითხვას დაემსგავსებოდა. ამიტომ ბატონი ივანე მერაბიშვილი თავის დაპურებულ სატელიტ ფრაქციებთან ერთად დავტოვეთ“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.