თბილისის მერმა, გიგი უგულავამ დღეს აკადემქალაქის ტერიტორიაზე, საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა "მედიქალ ჰაუსი" საზეიმო ვითარებაში გახსნა.
გახსნაზე, როგორც უგულავამ კლინიკის ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ამ ეტაპზე იმაზე მუშაობენ, რომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტები გეოგრაფიულად პენსიონერებისთვის ხელსაყრელად იყოს განლაგებული.
"ასეთი კლინიკების გახსნა, თბილისის თითოეული უბნისთვის “ზეციური მანანასავით იქნება. სახელმწიფოს მიერ დაზღვეულებს მომსახურების მისაღებად სიარული, როგორც ვიცი, დიდი დიღმიდან, ვაჟა ფშაველადან არაყიშვილის ქუჩაზე უწევდათ. ამხელა მანძილის გავლა გეოგრაფიულად ძნელია და ამას ტრანსპოტირების ხარჯიც ემატება. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, რომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტები გეოგრაფიულად იყოს გადანაწილებული, ისე, რომ პენსიონერს შორს წასვლა არ მოუწიოს", - განაცხადა გიგი უგულავამ ექიმებთან საუბრისას.
საინტერესოა, რომ "მედიქალ ჰაუსი" უკვე ერთი წელია გახსნილია და მას ადგილობრივი მოსახლეობა ჯანმრთელობის მომსახურების მისაღებად აქტიურად და ინტენსიურად მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ მერის დასახვედრად საგანგებო სამზადისი გუშინ დილიდან დაიწყო. კონკრეტულად კი, ქუჩის გზის სავალ ნაწილზე, რომელიც აქამდე საკმაოდ დიდი ორმოებით იყო დაფარული და მანქანები შეფერხებით მოძრაობდნენ, ამ ორმოების სახელდახელოდ, დროებითი გრუნტოვანი მასალით ამოვსება მოხდა.
კლინიკიდან გამოსულ უგულავს ბერბუკის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა სწორედ გზის პრობლემის მოგვარება სთხოვა, რაზეც მერი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "გზის დაგებაზე ვიცი, ვიცი და ჩადებული მაქვს უკვე", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხნის გნმავლობაში ფუნქციონირებადი კლინიკების მერის მიერ საზეიმო ვითარებაში გახსნის პირველი შემთხვევა ეს არ არის.