"ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელობა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის უზრუნველსაყოფად, საჯარო აუქციონზე „ ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100 პროცენტისა და მათ შორის „ბანკი ქართუს“ აქციათა სრული პაკეტის გატანას ეხმიანება და იმის გათვალისწინებით, რომ ამ სააქციო საზოგადოებაში ივანიშვილი არცერთ აქციას არ ფლობს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოებს დაუბრუნდნენ და უცხოეთის მოქალაქეების კუთვნილი ქონებების ექსპროპრიაციის უკანონო პროცესი შეწყვიტონ. ამის შესახებ განცხადება „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა for.ge - ს პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩეროს საჯარო აუქციონი, მისცეს საშუალება დამფუძნებლებს, განახორციელონ ქონების ფლობისა და განკარგვის ლეგიტიმური უფლება“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საჯარო განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ იგი საქართველოში არანაირ ბიზნესს არ ფლობს, რაც მისი თქმით, „ქართუ ჯგუფის“ აქციების ახალი მფლობელის მიერ გამოგზავნილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებითაც დასტურდება, რომელთა თანახმადაც ჯერ კიდევ ა.წ. 30 აპრილს თერთმეტმა უცხოურმა კომპანიამ ჯგუფის აქციათა 91.74 % შეიძინა.
„ამასთან, არცერთი მათგანი არ ფლობს აქციათა 10% სა და მეტს, რაც ათავისუფლებთ მათ როგორც სს „ბანკი ქართუს“ ბენეფიციარ მფლობელებს, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეძენის ფაქტის წინასწარი შეთანხმების საკანონმდებლო ვალდებულებებისაგან და აბსოლუტურად უსაფუძვლოს ხდის ქვეყნის ცენტრალური ბანკის განცხადებას გარიგებათა ბათილობის შესახებ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ დღემდე ჩვენამდე ვერ მოაღწია უცხოეთიდან ფოსტით უკვე ორჯერ გამოგზავნილმა სადამფუძნებლო დოკუმეტაციამ“, რაც მისი თქმით, სერიოზულ ეჭვებს ბადებს, რომ მათთვის ასე აუცილებელი კორესპონდენცია სპეციალურად იბლოკება.
ჯავახიშვილის მტკიცებით, გახსნილი საჯარო აუქციონი აშკარა ფარსია.
„რადგან ერთ ლოტად იყიდება სს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100% და მათ შორის სს „ბანკი ქართულ“ აქციათა მთლიანი პაკეტი, რომლის შემძენსაც აუცილებლად წინასწარ უნდა ჰქონდეს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა, რაც მიუღწეველია ფარული აუქციონის შემთხვევაში. შედეგად, აუქციონზე სს „ქართუ ბანკის“ აქციათა პაკეტის შემძენი, რომც გამოჩნდეს, გარიგება აპრიორი ბათილი იქნება და ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა“, - განაცხადა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ „სწორედ ეს არის ხელისუფლების მიზანი და არა თუნდაც უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის თანხის ამოღება“.
ჯავახიშვილის თქმით, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ქონების შეფასების გამოყენებული პრაქტიკაც.
„არსებული შეფასება ბადებს აგრეთვე საფუძვლიან ეჭვს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე დაკისრებული ჯარიმის თანხა უბრალოდ გაორმაგებულია, რათა შემდგომ აუქციონის წესებით შეემცირებინათ ჯარიმის თანხის ოდენობამდე“, - აცხადებს ჯავახიშვილი.
ჯავახიშვილის თქმით, 115 მილიონის დაკარგვას არავინ შეეგუება. შესაბამისად, მისი ინფორმაციით, საქართველოში ჩამოვლენ „ქართუ ჯგუფის“ აქციების მფლობელები, რომლებიც როგორც საქართველოს ფარგლებში ისე საერთაშორისო დონეზე აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეს აღძრავენ.
„ხელისუფლება სერიოზულ საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.