ლეიბორისტული პარტიის მტკიცებით, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთობლივად მიიღეს.
ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ არჩევნების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” კოალიციური მთავრობის შექმნას აპირებენ.
„ეს არის ოკეანის გაღმიდან, ამერიკიდან კარგად დაგეგმილი მორიგი სპექტაკლი იმისათვის, რომ ქართველი ხალხის გაბითურების ხარჯზე ისევ შეინარჩუნონ და კიდევ დატოვონ ძალაუფლებაში ანტიეროვნული, ანტიმართლმადიდებლური და ოლიგარქიული ბანდა, რომელიც ამ ქვეყნის ნგრევას ისევ გააგრძელებს”, - განაცხადა გუგავამ .
დღევანდელ პრესკონფერენციაზე გუგავა ახალი მთავარობის შექმნასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, შს მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაიას დანიშვნის ფაქტი საარჩევნოდ რეპრესიების ახალი ტალღის მომასწავებელია.
რაც შეეხება დიმიტრი შაშკინის თავდაცვის უწყებაში გადაყვანას, გუგავა აცხადებს, რომ შაშკინი ამერიკის ხელდასმული აგენტია, რომელიც “თავისი მეპატრონეების ბრძანებების შესრულებას კვლავ გააგრძელებს“.
მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია; თავდაცვის მინისტრის პოსტზე - განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი; განათლების მინისტრის პოსტზე -გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე.