ამომრჩეველთა ლიგამ „კარდაკარ“-ის ერთი კვირის შედეგები წარმოადგინა

ამომრჩეველთა ლიგამ „კარდაკარ“-ის ერთი კვირის შედეგები წარმოადგინა

"ამომრჩეველთა ლიგამ“ მათ მიერ წარმოებული ალტერნატიული კარდაკარის ერთი კვირის შედეგები დღეს წარმოადგინა. ალტერნატიულ კარდაკარს "ამომრჩეველთა ლიგა" ამჟამად თბილისსა და ზუგდიდში აწარმოებს.

აღმოჩენილ დარღვევებზე ლიგის დამფუძნებელმა, კოკა გუნცაძემ დღეს ჟურნალისტებს ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სულ 90 ათასი ამომრჩეველია აღრიცხული. მონაცემები კი მოქალაქეთა განცხადებების და მათ მიერ შევსებული ანკეტების საფუძველზე დადგინდა.

„აღმოჩნდა, რომ უცხოეთში ცხოვრობს 6 231 ამომრჩეველი. სხვა მისამართებზე მიწერილია 7 152 ადამიანი. გარდაცვლილია 708, ხოლო 760 შემთხვევაში არ იძებნება მისამართი და საარჩევნო სიაში არ არის 1 186 ადამიანი. ეს კი ჯამში 16 037 ამომრჩეველს შეადგენს, რაც 90 000 ადამიანის 17,08 პროცენტია. ეს საკმაოდ საყურადღებო ციფრია", - განაცხადა კოკა გუნცაძემ.

მისი შეფასებით, ეს მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება განაგრძობს საარჩევნო სიების ფალსიფიკაციას და კეთილსინდისიერი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს.

კოკა გუნცაძის თქმით, სიების დაზუსტებას საარჩევნო პერიოდამდე "ამომრჩეველთა ლიგა" მთელი საქართველოს მასშტაბით მოასწრებს, რის შემდეგაც მონაცემებს ყველა შესაბამის უწყებას გადაუგზავნის, მათ შორის კაციტაძის კომისიასაც. თუმცა, გუნცაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მამუკა კაციტაძის საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიას არ ენდობა.

აქვე გუნცაძემ დასძინა, რომ მონაცემები ყოველკვირეულად ვებ.გვერდზე - archevani.com-ზე გამოქვეყნდება. თვითონ საიტი კი მომავალი კვირის ორშაბათიდან ამოქმედდება.