ბაქრაძე ირწმუნება, რომ „მასთ ქერის“ ქართული მოდელი აშშ-ში მოქმედ მოდელზე დემოკრატიულია

ბაქრაძე ირწმუნება, რომ „მასთ ქერის“ ქართული მოდელი აშშ-ში მოქმედ მოდელზე დემოკრატიულია

 პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მტკიცებით, მასთ ქერის ქართული მოდელი აშშ-ში მოქმედ მოდელზე დემოკრატიულია. ამის შესახებ ბაქრაძემ განცხადება ე.წ. მასთ ქერთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გამართულ დებატებისას განაცხადა.

ბაქრაძე განმარტავს, რომ საპარლამენტო უმცირესობას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს როდესაც საუბარობს, რომ უცებ ერთ დღეს გაითიშება ინფორმაციის მიღების წყარო.

,,მეგობრებო, ნუ შევიყვანთ  საზოგადოებას შეცდომაში. არაფერი არ მოხდება ისე, თითქოს  ჩვენი საზოგადოება უცებ აღმოჩნდება საინფორმაციო ვაკუუმში. ყველაზე სატელევიზიო არხი დარჩება ისე, როგორც არის დღეს. უბრალოდ წინასაარჩევნო სპეციფიურ პერიოდში,  ჩვენ ვაკისრებთ დამატებით ვალდებულებას სატელევიზიო არხებს და საკაბელოებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მათ კომერციულ და საბაზრო ინტერესს“, – აღნიშნა ბაქრაძემ და დაამატა, რომ ეს ვერ მოხდება მუდმივ რეჟიმში.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  მაგალითად, აშშ-ში, „მასთ ქერის“ მოდელი მხოლოდ იმ მაუწყებლებზე მოქმედებს, რომლებსაც  სიხშირული ლიცენზია აქვს.

„ჩვენ რომ ამერიკული სტანდარტი მიგვეღო, რომელიც ზოგადად ყველაზე მაღალ სტანდარტად ითვლება, ბევრი ის სატელევიზიო არხი, რომელსაც დღეს სიხშირული ლიცენზია არ აქვს და სატელიტური ლიცენზიით მოქმედებს, დარჩებოდა ამ პრინციპის მიღმა. ამიტომ, მინდა ისიც კარგად გავიაზროთ, რომ ჩვენ წავედით ბევრად შორს, ვიდრე ამერიკული სტანდარტია  და გარკვეულწილად რასაც დღეს ვიღებთ, არის უფრო დემოკრატიული და უფრო ყოვლისმომცველი, ვიდრე არის ამერიკული სტანდარტი“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან ოპოზიციას მოუწოდა მხოლოდ ნეგატივზე ნუ ფოკუსირებენ და დადებითზეც ისაუბრონ.