,,ქრისტიან-დემოკრატები“ კანონში ნაღმის ჩადებაზე ალაპარაკდნენ.პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ე.წ. "მასთ ქერის"- სთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ მედიაში ორთვიანი თავისუფალი რეჟიმის დაწესება დადებითია, თუმცა არჩევნების დღეს მისი შეწყვეტა იმას ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ნახევარფაბრიკატია. მან უმრავლესობას მოუწოდა კანონში ნაღმს ნუ ჩადებენ.
"არჩევნების შედეგები არის ყველაზე მთავარი მოსახლეობისთვის და ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის პირობებში, საინფორმაციო არხების გათიშვა ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე ვადის გაგრძელება საკაბელოებისთვის", - აღნიშნა ახვლედიანმა.
ამავე ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ არჩევნების დღეს საკაბელოებისათვის ვალდებულების შეწყვეტა დენთის კასრის აფეთქებას შეადარა. ვეფხვაძის თქმით, მმართველი გუნდისგან ვერ მოისმინა არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაგრძელდეს ე.წ. მასთ ქერის პრინციპი არჩევნების შემდგომი პერიოდის შემდეგ.
პარლამენტმა ე.წ. მასთ ქერთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამნეტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო, დღეს საღამოს კი მესამე მოსმენით უყრის კენჭს.