საქართველოს ცხრა ახალი ელჩი ეყოლება: შვეიცარიის კონფედერაციაში, თურქეთში, ბელარუსში, ბულგარეთში, კანადაში, არგენტინაში, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ინდონეზიის რესპუბლიკაში ახალი ელჩების კანდიდატურებს პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყარა კენჭი.
შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვაკანტური თანამდებობა ირაკლი ყურაშვილმა დაიკავა, რომელიც მანამადე ესპანეთში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იყო.
პარლამენტმა ბელარუსში ელჩის თანამდებობაზე დავით კოტარია დაამტკიცა, რომელიც ბოლო დრომდე ამავე ქვეყანაში დესპანი იყო.
ბულგარეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ლევან მეტრეველმა დაიკავა, რომელიც ბოლოს კანადაში, უფრო ადრე კი რუმინეთში იყო საქართველოს ელჩი.
მეტრეველის ადგილი კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ასევე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ალექსანდრე ლაცაბიძემ დაიკავა, რომელიც კანადის საელჩოში მუშაობდა მანამ, სანამ თებერვლიდან არგენტინაში დაინიშნებოდა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.
მას არგენტინაში ელჩის თანამდებობაზე გელა სეხნიაშვილი შეცვლის, რომელიც დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
თურქეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე გახდა, რომელიც ბოლოს გენერალურ კონსულად მუშაობდა სტამბოლში, უფრო ადრე კი, საბერძნეთსა და რუსეთში იყო კონსული.
ეთიოპიაში საქართველოს პირველ ელჩად პარლამენტმა ვახტანგ ჯაოშვილს დაუჭირა მხარი, რომელიც წარსულში ისრაელში იყო საქართველოს ელჩი, ბოლოს კი საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე დეპუტატებმა ბექა დვალს დაუჭირეს მხარი, აქამდე ის ლონდონში საქართველოს საელჩოში, საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად მუშაობდა.
ინდონეზიაში საქართველოს ელჩი ზურაბ ალექსიძე გახდა, საგარეო უწყებაში აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი.
დღესვე, პარლამენტმა კენჭი უყარა ეკატერინე მაიერინგ-მიქაძის ყატარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დატოვების ტაობაზე გადაწყვეტილებას. მანამდე მიქაძე ყატარისთან ერთად ითავსებდა ელჩობას ქუვეითში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთანოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროებში.