NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება, შემაშფოთებელია.
როგორც NDI-ის წარმომადგენლებმა თბილისი მარიოტში“ დღეს წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადეს, პოლიტიკურ ლიდერებს შორის კონსტრუქციული დაილოგი თითქმის არ არსებობს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელის, პერ ეკლუნდის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებისგან მტრის ხატის შექმნა ჩვეულ პრაქტიკად იქცა და აღნიშნა, რომ სიძულვილის ენა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ, ჯერ კიდევ ფიქსირდება.
„ინფორმაციის მოწოდება პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის და კამპანიის თანხების არასწორი ხარჯვის შესახებ, ასევე, ბრალდებები საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, გრძელდება“ - ნათქვამია NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.
აქვე, პერ ეკლუნდმა აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მიმდინარეობს.
დელეგაციას მიაჩნია, რომ მედიასაშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული საკანონმდებლო წინადადებები სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოჭრილ საკითხებს ეხმაურება და სათანადო განხორციელების შემთხვევაში, მოქალაქეებს უფრო ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.
NDI-ის დელეგაციის ანგარიში ჟურნალისტებს პერ ეკლუნდთან ერთად, NDI -ს პრეზიდენტმა კენეთ ვოლაკმა, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ და მისურის შტატის მდივანმა სემ გეჯდენსონმა გააცნეს.