გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა გაეროსა და არაბთა სახელმწიფო ლიგის სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის წინადადებას სირიის შესახებ.
BBC-ის ინფორმაციით, კოფი ანანის წინადადების მიხედვით, სირიაში ახალი გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, რომლის შემადგენლობაშიც როგორც ასადის მთავრობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები შევლენ. გარდა ამისა, ამ მთავრობაში არ მოხვდება ასადის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბაშარ ასადიც.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ტელეფონით ესაუბრა კოფი ანანს და სააგენტოს ინფორმაციით, მის გეგმას მხარიც დაუჭირა, თუმცა, რუსეთის მხარე საუბრის დეტალებს არ ახმაურებს.
დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა, ხვალ კი სერგეი ლავროვთან ერთად ახლოაღმოსავლეთის პრობლემებს განიხილავენ.