ქართული კინოს მოედანი „აცეკვებული სვანეთით“ გაიხსნება

ქართული კინოს მოედანი „აცეკვებული სვანეთით“ გაიხსნება

დღეს, 20 საათზე, ბამბის და რკინის რიგებს შორის, ქართული კინოს მოედანი ოფიციალურად გაიხსნება. მოედნის გახსნასთან დაკავშირებით „მეიდანგრუპი“ ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, მართავს გახსნის საზეიმო ღონისძიებას, რომელზეც ნაჩვენები იქნება 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, დავით ჯავრიშვილის - „აცეკვებული სვანეთი“. ეს არის უცნობი კინოქრონიკის უნიკალური კადრები, რომელიც ქართული ქორეოგრაფიული სკოლის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და მკვლევარმა, დავით ჯავრიშვილმა თავად აღბეჭდა კინოფირზე. ათწუთიან დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იქნება სვანეთში საოჯახო არქივში დაცული მასალა, კადრები ხალხის ყოფაცხოვრებიდან, ტრადიციები, აქამდე უცნობი ცეკვები და ა.შ.

ეს მასალა 2011 წელს საოჯახო არქივმა სახელმწიფოს გადაცა, რის შემდეგაც კადრები კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა, კულტურის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერითა და „ქართული ფილმის“ ხელშეწყობით, გაწმინდა, აღადგინა, ციფრულ მატარებელზე გადაიტანა და მუსიკა დაურთო.

გახსნას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - ნიკოლოზ რურუა და ქალაქის მერი - გიგი უგულავა. საღამოზე სიტყვით გამოვა ეროვნული კინოცენტრის დირექტორი - თამარ ტატიშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ხელოვანები, ძირითადად -კინოსექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, ასევე დავით ჯავრიშვილის ოჯახის წევრები.

ქართული კინოს მოედანზე ტრადიციად იქცევა კინოს ჩვენებები და კინოსთან დაკავშირებული ივენთები.