ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით დღეიდან იწყება.

განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით დღეს 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. წელს, საგამოცდო ცენტრებში 850-მდე ვიდეოთვალი დამონტაჟდა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. 

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე მასწავლებელი გაივლის, სამაგისტრო გამოცდას კი დაახლოებით, 7500 სტუდენტი ჩააბარებს.

"2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: 2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (წწწ.ნაეც.გე; ონლინე.ნაეც.გე) გაიარეს;
მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ; წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები დააწესეს; 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ; დაჩქარდება შედეგების გამოცხადება და ოქტომბრის ნაცვლად, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი",-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდება. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.