"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალას ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციად აფასებს
როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ისევე, როგორც კოალიცია "ქართული ოცნება", არის ღია ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის მოქმედებს კანონის ფარგლებში და მსგავსი ინფორმაციები მათთვის საინტერესო არ არის.
"სამწუხაროა, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრები შესაძლოა, ამ პროვოკაციის მსხვერპლნი იყვნენ", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
შს სამინისტროს თანამშრომლებმა დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების" აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ბონდოს ძე ფიფია დააკავეს.
შს სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მომზადებაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ირაკლი პერტენავა და ზურაბ ფიფია ახორციელებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის კახა ბაღათურიას „გადმობირებას".
ბაღათურიასთან საუბარში ზურაბ ფიფია, რომელიც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელია, ფინანსური ანაზღაურებისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ სთხოვს მას, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მოწოდებას დაგეგმილი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების თაობაზე.
კიდევ ერთი საუბრის დროს, ირაკლი პერტენავა ბაღათურიას ატყობინებს, რომ ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით მათ შემოტანილი აქვთ სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებში („ბრელოკი", გასაღები, ქამრის ბალთა...) ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა.”-ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.