ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მომსახურების ხარისხის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადების შეფასებისას, რომ „გამოკითხული რესპოდენტთა 85% სასამართლოდ ენდობა“ აცხადებს, რომ სასამართლოს მომსახურების ხარისხით, წესრიგით, სისუფთავით, ზრდილობიანობით, კულტურული და დროული მომსახურებით შეიძლება მოსახლეობის 85% -ზე მეტი ენდობოდეს, რადგან ამ მხრივ, გაუმჯობესება ნამდვილადაა, ხოლო რაც შეეხება, სასამართლოს მთავარ არსს, რომ სასამართლო სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი უნდა იყოს, 85% კი არა, 95% -ზე მეტი სრულ უნდობლობას უცხადებს.
ნიკოლაიშვილის განცხადებით, ვისაც სასამართლოსთან ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, ის დარწმუნდება, რომ სასამართლო დღეს როგორც ასეთი, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.
„მას შეიძლება უსამართლო დაერქვას იმიტომ რომ სასამართლო ობიექტურობას, მიუკერძოებლობას, ორივე მხარისთვის ყველა მტკიცებულების თანაბარ პირობებში გამოკვლევას ნიშნავს და ეს ჩვენთან უბრალოდ არ არსებობს. სასამართლო დღეს პროკურატურის დანამატი, პროკურატურის ჯიბის ბიჭია და ნებისმიერ მის დავალებას ასრულებს“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა და დასძინა, რომ „პროკურატურის მხრიდან მიტანილი ერთი ცარიელი ფურცელიც კი, სასამართლოსთვის უსიტყვოდ მტკიცებულებაა, იმიტომ რომ ეს პროკურატურას მიაქვს“.
აქედან გამომდინარე, ნიკოლაიშვილის განცხადებით, ეს კვლევის შედეგები შეიძლება ორად გავყოთ და ერთის მხრივ, მომსახურების ხარისხი შევაფასოთ, მაგრამ მეორეს მხრივ, ის რომ შინაარსობრივად სასამართლო არა სასამართლო არამედ, უსამართლოა ეს მეორე მხარეა.