პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ სოფელ მერეთში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს და „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავებას გამოეხმაურა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ბალიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ სისხლიანი თავდასხმები მოაწყო, როგორც სოფელ მერეთში, ასევე „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქარელის რაიონის, სოფელ დირბშიც.
„პროცესები შეუქცევადია და მსგავსი პროვოკაციებით ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების განხორციელებას მიხეილ სააკაშვილი ვეღარ შეაჩერებს. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ოპოზიცია არ ერთვება მუშტი კრივის პროცესში, ეს არის სააკაშვილის საქმე, რომელიც მან 2003 წელს ქვემო ქართლში ქვების სროლით დაიწყო. დარწმუნებულნი ვართ ყველა ის პირი, რომელიც დღეს სააკაშვილის სახელით მშვიდობიან მოსახლეობას ფიზიკურად უსწორდება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სათანადოდ იქნება დასჯილი“, - განაცხადა ბალიაშვილმა.
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ სახალხო დამცველს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებენ სათანადო და ადეკვატური შეფასების გაკეთებისკენ მოუწოდა.