ფონდ „ქომაგის“ შემომწირველს, ემიგრაციაში მყოფ ბიძინა გიორგობიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის გაუნახევრა. განაჩენის საფუძველზე გიორგობიანს ფონდში გადარიცხული თანხის ათმაგი ოდენობის ნაცვლად, ხუთმაგი ოდენობის გადახდა მოუწევს.
რაც შეეხება ფონდ „ქომაგს“ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, ფონდმა ბიძინა გიორგობიანის მიერ მის ანგარიშზე გადარიცხული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს.
„ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და აუცილებლად გავასაჩივრებთ, როგორც მოსამართლემ განგვიცხადა, დადგენილების გასაჩივრებისთვის 10 დღის ვადა გვაქვს. თუმცა ალბათ აღსრულების დროს სადაო თანხას თავად მოხსნიან ანგარიშიდან. "ქომაგის" ანგარიშებს ისევ ყადაღა ადევს“, - განაცხადა ბარათაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ ბიძინა გიორგობიანი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქომაგისთვის" გადარიცხული 90 000 ევროს გამო, 900 000 ევროთი დაჯარიმდა. ქომაგს კი ანგარიშები დაუყადაღა.
თავად ბიძინა გიორგობიანის მტკიცებით, ფონდ "ქომაგის" სახელზე განხორციელებული შეწირულობა მას არ ეკუთვნის.
კონტროლის პალატაში კი აცხადებენ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ მისი საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთანაა“ დაკავშირებული და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 261-ე მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია.