პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ჟურნალისტებს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის წილის დააყადაღებაზე სააღსრულებო მოქმედებასთან დაკავშირებული დეტალები აღსრულების ბიუროში გადაამოწმონ.
„კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სტრუქტურა, რომელიც ამ გადაწყვეტილებების მიღებაში არის ჩართული, მოქმედებს სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.
აღსრულების საკითხებზე ან კონკრეტულ სააღსრულებო მოქმედებასთან დაკავშირებული დეტალები შესაბამის უწყებებში გადაამოწმეთ. ნამდვილად არ ვაპირებ რაიმე ფორმით ჩავერიო ამ პროცესში, ეს არის სუფთა სამართლებრივი პროცედურა და არანაირი პოლიტიკური ორგანოების ჩარევა მიზანშეწონილი არ არის“ - აღნიშნა კუბლაშვილმა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს "პროგრეს ბანკში“.