აღსრულების ეროვნული ბიუროს პრეს-სამსახურის უფროსის ბესილ ლილუაშვილის განცხადებით, თუ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაყადაღებულ ქონებას არ გამოიხსნის, მისი რეალიზება აუქციონის წესით მოხდება.
„ამ დროისთვის ქონებას ყადაღა ადევს. იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი ჯარიმას გადაიხდის ყადაღა მოიხსნება, ხოლო თუ არ გადაიხდის ამ შემთხვევაში, პირველ რიგში ქონების შეფასება უნდა განხორცილდეს. შეფასების შემდეგ, მისი აუქციონის წესით რეალიზაცია განხორციელდება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ლილუაშვილის განმარტებით, აღსრულების ბიუროს ამ ოპერაციებს გარკვეული ვადა აქვს და ეს ორ ან ერთ დღეში არ მოხდება.
„არც მასე გვეჩქარება. მას აქვს ვადა, სანამ შეფასება და სხვა ოპერაციები განხორციელდება. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ორი კვირას მაინც ექნება ვადა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“ ყადაღა დაადო.
ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო დაახლოებით 75 მლნ ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და მის გადახდას არ აპირებს.