„საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი“ მაუწყებლობის გავრცელებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლების მიერ მომზადებული კანონპროექტის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მკაცრი ფინანსური სანქციის დაწესებას ითხოვს.
„საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პავლე კუბლაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის მიერ მომზადებული „მასთ ქერის“ პრინციპის შემოღების კანონპროექტის ტექსტში უაღრესად შეკვეცილადაა წარმოდგენილი მრავალი საზოგადოებრივი და მედია-ორგანიზაციის მოთხოვნები, რომლებსაც მხარი დაუჭირა პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრმა.
განცხადების მიხედვით, კანონპროექტის თანახმად, ავტორიზებული საკაბელო ტელევიზიები ვალდებული იქნებიან თავის პაკეტში განათავსონ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ყველა ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობას ეწევა თანამგზავრის მეშვეობით, ასევე, საერთო მაუწყებელი, რომელიც საერთო მაუწყებლობას შესაბამისი საკაბელო ტელევიზიის მომსახურების ზონაში ეწევა.
„ეს ვალდებულება იმოქმედებს მხოლოდ არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკაბელო ტელევიზიას აქვს მაუწყებლობის განთავსების ტექნიკური საშუალება და თავისუფალი რესურსი. ამ ბოლო წინადადებამ შეიძლება "მკვდარ" ნორმად აქციოს ზემოაღნიშნული ვალდებულება, ვინაიდან საკაბელო ქსელის მფლობელს შეეძლება ამ საბაბით, მაგალითად, ამჟამად არსებულ ყველა თავისუფალ არხზე სხვადასხვა, მაყურებლისთვის უინტერესო ტელეგადაცემების განთავსებით ან ტექნიკური საშუალების უქონლობის მომიზეზებით, თავის პაკეტში არ განათავსოს თავისთვის ან ხელისუფლებისთვის არასასურველი მაუწყებლები. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია წარმოდგენილი პროექტიდან ბოლო წინადადების ამოღება.
ზემოაღნიშნული ვალდებულება შეიძლება "მკვდარ" ნორმად იქცეს იმის გამოც, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს არანაირ სანქციას ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. უფრო მეტიც, საკაბელო მაუწყებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, კანონპროექტი არ ითვალისწინებს დავის განხილვისთვის შეზღუდული ვადის შემოღებას. აუცილებელია მკაცრი ფინანსური სანქციის დაწესება ვალდებულების შეუსრულებლობისთვის და დავის სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის შეზღუდული, ვთქვათ, 3-დღიანი, ვადის დადგენა, ისევე, როგორც ეს არის საარჩევნო დავების განხილვისას.
ზემოაღნიშნული ორი პირობის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი წესის დაკანონება მხოლოდ ნაწილობრივ გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და მხოლოდ მცირეოდენ დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნას“, - ნათქვამია განცხადებაში.