„სახალხო კრების“ წევრები ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ. შეხვედრას „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილიც ესწრება. შეხვედრის დაწყებამდე, მან მტკიცედ განაცხადა, რომ კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ სპორტსმენები, მწერლები და ხელოვანები პოლიტიკაში არ უნდა მოვიდნენ.
„რატომ მიიღო ლუკა კურტანიძემ ეს განცხადება ცუდად, ჩემთვის გაუგებარია, ის ხომ ისედაც კარგა ხანია, პოლიტიკაშია. თუ სახალხო კრების ბუმბერაზი წევრები ნონა გაფრინდაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები გადაწყვეტენ, რომ არ ვიყო „სახალხო კრებაში“, მე იქ აღარ ვიქნები, ვინაიდან აჯობებს სწორედ ისინი იყვნენ სახალხო კრებაში“, - განაცხადა შაშიაშვილმა.
შაშიაშვილის თქმით, „სახალხო კრებაში“ სხვადასხვა პოზიციის და მოსაზრებების ადამიანები არიან, ერთად ახერხებენ საერთო აზრის გამონახვას და კრების ფასეულობა და სიძლიერე სწორედ ამაში მდგომარეობს.
ცნობისთვის, „სახალხო კრების“ წინაშე თემურ შაშიაშვილის კრებისგან გამიჯვნის საკითხი დგას. მიზეზი კი, შაშიაშვილის განცხადებაა, რომ პარლამენტში მსახიობებისა და სპორტსმენების ადგილი არ არის.