სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაგეგმილი სხდომა ამ წუთებში კრების სათაო ოფისში მიმდინარეობს. როგორც სახალხო კრების წარმომადგენლები აცხადებენ, დღეს სამომავლო გეგმებზე, მათ შორის მაჟორიტარობის საკითხებზე აპირებენ საუბარს.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თემურ შაშიაშვილის კრებიდან გარიცხვის შესახებ, ისინი არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კრების შიგნით თუ რაიმე გაუგებრობა ან პრობლემა არის, ის აუცილებლად შიგნითვე მოგვარდება.
„თემურ შაშიაშვილის გარიცხვაზე არავის არ დაუყენებია საკითხი, მე ვფიქრობ, რომ აშკარა გაუგებრობას აქვს ადგილი. სახალხო კრება არის ის ორგანიზაცია, სადაც ნებისმიერი საკითხი კოლეგიალურ და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე იხსნება. აქაც გაუგებრობიდან გამოწვეული აჟიოტაჟია, რომელიც პრესამ აიტაცა და მე დარწმუნებული ვარ, ესეც ისევე ღირსეულად იქნება გარკვეული და მოგვარებული, როგორც ნებისმიერი სხვა საკიხთები გვარდებოდა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
სხდომას სამუშაო ხასიათი აქვს და ის დახურულ კარს მიღმა ტარდება.