უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა სასამართლოს მომსახურების ხარისხის კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 85% სასამართლო სისტემას სრულიად ენდობა.
კუბლაშვილის განმარტებით, ევროპის საბჭოს მიერ, ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართული სასამართლოს მომსახურების ხარისხი ხუთ ქულიან შკალაზე 4.6 ქულით შეფასდა.
„კვლევის შედეგებმა ნათლად აჩვენა სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების შედეგიანობა. გამოკითხული რესპოდენტთა 85% სასამართლოს ენდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არის რაღაც შენიშვნებიც, რომელიც კვლევისას გამოიკვეთა და მისი გათვალისწინება სამომავლოდ აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
კვლევა 2012 წლის მაისში ექვს ქალაქში: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმში ჩატარდა. სულ 2011 რესპოდენტი გამოიკითხა, რომელთა ძირითად ნაწილს მოსარჩელე, მოპასუხე და მოსარჩელე მხარის ოჯახის წევრი შეადგენდა, ასევე, საჯარო ინფორმაციის ან დოკუმენტის მაძიებელი პირი.
ხუთ ქულიანი შეფასებიდან, სასამართლოს მომსახურე პერსონალმა 4.6 ქულა მიიღო. მოსამართლეების მიუკერძოებლობა 4.2 ქულით შეფასდა, კომპეტენცია კი - 4.3 ქულით. სასამართლოს დამოუკიდებლობას მოქალაქეებმა 4.6 ქულა მიანიჭეს.