ფონდი „ქართუ“ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს, რომელიც უშანგი კუზანაშვილის საქმეს ეხებოდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადება და გადაწყვეტილება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. აღნიშნულ განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
"26 ივნისს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადება, რომელშიც გამოთქმული იყო ეჭვი იმის თაობაზე, თითქოს ფონდი "ქართუ" ეწევა ამომრჩევლის მოსყიდვას. კერძოდ, საუბარი იყო სპორტსმენ უშანგი კუზანაშვილზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" საჭიროდ მიიჩნევს, განაცხადოს შემდეგი:
1. მსოფლიო ერთგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი თავისი სპორტული საქმიანობისთვის საქველმოქმედო დახმარებას ფონდი "ქართუდან" 2007 წლიდან იღებს.
2. 2012 წლის 19 მაისს უშანგი კუზანაშვილი მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი სამბოში. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა ქართული სამბოს ისტორიაში, როცა ამ სახეობააში სპორტსმენი ხუთჯერ ხდება ევროპის ჩემპიონი. ქართველი სპორტსმენის აღნიშნული მიღწევა ფართოდ გააშუქა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა. ზემოხსენებული სპორტული მიღწევისათვის 2012 წლის 28 მაისს ფონდმა "ქართუმ", თავად უშანგი კუზანაშვილის პირადი განცხადების საფუძველზე, ერთჯერადი საქველმოქმედო დახმარების სახით გადასცა მას ჯილდო 10 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით.
3. ცალკე აღვნიშნავთ, რომ ფონდი "ქართუ" თავის საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს 1995 წლიდან. წლების მანძილზე ჩვენი ფონდი ფინანსურ დახმარებას უწევდა საქართველოში არსებულ უკლებლივ ყველა სპორტულ ფედერაციას და საქველმოქმედო დახმარებას უწევდა ასობით ქართველ სპორტსმენს. აღნიშნული დახმარებით ფონდი "ქართუ" ხელს უწყობდა მსოფლიო სპორტულ ასპარეზზე მათ შემდგომ წარმატებებს და მსოფლიო არენაზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენას. ქართული სპორტის განვითარების ხელშემწყობ საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი "ქართუ" დღესაც აგრძელებს.
4. განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი შემდეგ გარემოებას: ფონდი "ქართუ", როგორც აპოლიტიკური ორგანიზაცია, თავის საქმიანობაში არასდროს არ ხელმძღვანელობდა პოლიტიკური სარჩულით. ჩვენ არასდროს ვინტერესდებოდით ფონდის ბენეფიციართა მსოფლმხედველობითი ან პოლიტიკური შეხედულებებით და ჩვენს გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ სპორტსმენების კონკრეტული სპორტული მიღწევების მიხედვით ვიღებდით.
5. გამომდინარე ზემოთქმულიდან, სრულიად აშკარაა, რომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს", - ნათქვამია ფონდ "ქართუს" განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს კონტროლის პალატამ პროკურატურას "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული მორიგი საქმე გადაუგზავნა.
მათი ცნობით, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკურ პირთან - ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" 16,292,00 ლარი გადაურიცხა მოქალაქე უშანგი კუზანაშვილს, რომელიც აღნიშნული ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებამდე სამი დღით ადრე წევრიანდება პოლიტიკურ ორგანიზაციაში ,,ქართული ოცნება".
"უშანგი კუზანაშვილის და ფონდი ,,ქართუს" ქმედებათა შინაარსი და დროის მოკლე მონაკვეთში მათი განხორციელების ქრონოლოგია ქმნის საფუძველს ეჭვისათვის - აკრძალული საშუალებით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო დანაშაულებრივი ნიშნების არსებობაზე მიუთითებს“, - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.