კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, დაკისრებულ 2.383.072.55 ლარის ჯარიმას უკანონობად, უსუსურობად, ხელისუფლების აგონიაში ყოფნად და მათ შიშად აფასებს.
დოლიძის თქმით, არც „თავისუფალი დემოკრატები“ და არც კოალიციაში შემავალი სუბიექტები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ. მისი განცხადებით, დაკისრებული ჯარიმა მათ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელს არ შეუშლის და იგივე მოქმედებებს გააგრძელებენ.
„ბუნებრივია, ხელისუფლების ეს ქმედება მხოლოდდამხოლოდ სააკაშვილის აგონიაში ყოფნას ადასტურებს. მათ შეხედეს რეალურად, თუ რა შესაძლებლობები შეიძინა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და მათ ბერკეტად მხოლოდ სიცრუე და ჰაერის გადაკეტვა დარჩათ. ყველაფერი ფულზე არაა დამოკიდებული. ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის არანაირი თანხა და რესურსები არ გვჭირდება“, - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, რვა წლის განმავლობაში ხელისუფლება ქვეყანაში ყველაფერს და ყველას უკანონოდ შეეხო და მიუხედავად იმისა, რომ ახლა „ქართული ოცნების“ წევრების და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ჩარჩოებიდან გამოყვანას ცდილობენ, მცდელობა მცდელობად დარჩება.
„ჩვენ ხალხთან მუშაობას, მათთან შეხვედრას გავაგრძელებთ. ჩვენს კურს არ შევიცვლით და რაც ყველაზე მთავრია, პოლიტიკური ჩარჩოებიდან, კალაპოტიდან არ ამოვარდებით. ძალიან უნდა სააკაშვილს ქუჩაში გამოგვიყვანოს, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ. პირიქით, მათ ვაიძულებთ არჩევნებამდე მივიდეთ“, - განაცხადა დოლიძემ.