კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მორიგი აქცია ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართეს. როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, აქცია თავისუფალი სასამართლოს დამკვიდრებისა და მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შეწყვეტის მოთხოვნით გაიმართა.
აქცია კამპანია „ჩემი უფლებაა ვიცოდე“-ს ფარგლებში მოეწყო. მას თეატრალიზებული სახე ჰქონდა და მონაწილეებმა სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები გააპროტრესტეს. როგორც ახალგაზრდები აცხადებენ, ეს გადაწყვეტილებები როგორც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის, ასევე ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.
„ჩვენ აქ იმისათვის მოვედით, რომ გავაპროტესტოთ სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებები. ის სამართლისგან ძალიან შორს არის და ასრულებს ერთი კაცის მითითებებს“, - აცხადებენ ახალგაზრდები.
თეატრალიზებულ აქციაზე ახალგაზრდებმა მიიტანეს მარიონეტები, რომლებიც, აქციის მონაწილეების თქმით, მარიონეტული სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოა. წარმოდგენილი იყო, ასევე, მიხეილ სააკაშვილისა და კონსტანტინე კუბლაშვილის კარიკატურები.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საპროტესო აქციები უკვე გამართა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. მორიგი აქციას კი, შს სამინისტროსთან გეგმავენ.