"ქართუ ბანკის" პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს, თუ რა დააყადაღა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, მაშინ როდესაც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „ბანკ ქართუში“ და „ქართუ ჯგუფში“ აქციებს არ ფლობს.
„არ ვიცი „პროგრესს ბანკში“ ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა აქციების მფლობელი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ივანიშვილი არც „ბანკი ქართუს“ და არც „ქართუ ჯგუფის“ აქციებს არ ფლობს. ვერსად მოძებნით დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ბანკ ქართუსა“ და „ქართუ ჯგუფში“ თუდაც ერთ აქციას ფლობდეს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილის თქმით, ბანკის აქციების დაყადაღებასთან დაკავშირებით, მათ ოფიციალური შეტყობინება გუშინ საღამოს მიუვიდათ.
როგორც ჯავახიშვილი from.ge -სთან საუბარში აცხადებს, ბანკი „ქართუ“ ახლა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ბანკის წინააღმდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, კიდევ ბევრი რამაა მოსალოდნელი.
ჯავახიშვილი დარწმუნებით აცხადებს, რომ მათი შემდეგი ნაბიჯი ბანკის აქციების გაყიდვა იქნება.
„ბანკი „ქართუ“ ახლა ჩვეულებრივ მუშაობს, თუმცა მოსალოდნელი ბევრი რამაა. აქციის დაყადაღება როგორც წესი, არ ხდება იმიტომ, რომ ვიღაცას უბრალო სურვილი გაუჩნდა, მათ ალბათ, შემდეგი ნაბიჯი წინასწარ გათვლილი აქვთ. ჩემი ღრმა რწმენით, შემდგომი ნაბიჯი ბანკის აქციების გაყიდვა იქნება. დარწმუნებული ვარ ყველაფერი წინასწარ გაწერილია“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.