პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები თბილისის საქალაქო სასამართლომ 2.383.072.55 ლარით დააჯარიმა. კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატის სანდრო ბარამიძის განცხადებით, სასამართლომ კონტროლის პალატის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
როგორც from.ge - სთან საუბარში ბარამიძემ აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუმცა მაინც გაასაჩივრებენ.
„სასამართლომ კოალიციაში შემავალი პარტიები 476.614.51 ლარის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა. არა მგონია გასაჩივრებას რაიმე მენიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას 48 საათის განმავლობაში ვაპირებთ“, - განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ გადაგზავნილი მასალები, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების დაჯარიმებას ითხოვს გუშინ განიხილა და „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების დაჯარიმების შესახებ, გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადა.
საქმე ეხება, კონტროლის პალატის მიერ „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიების, კერძოდ „რესპუბლიკური პარტიის“, „ეროვნული ფორუმის“, „თავისუფალი დემოკრატების“, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, „კონსერვატიული პარტიის“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ სამართალდამრღვევად ცნობას.
კონტროლის პალატის განცხადების თანახმად, „შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები: საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება", „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები: „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
შპს "მენეჯმენტ სერვისის" მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული. კანონის თანახმად პარტია ვალდებულია თანხა 5 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, პარტიას კი დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.
კონტროლის პალატამ უკანონო შემოწირულობის მიმღებ პოლიტიკურ პარტიებს წერილობით მისცა წინადადება პროპორციულობის პრინციპის დაცვით, უკანონო შემოწირულობა დაებრუნებინათ შემომწირველისათვის. თუმცა, ზემოაღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უარი განაცხადეს ორგანული კანონის და სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე, რითაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის პირველი პუნქტით გათვალსიწინებული მოთხოვნები დაარღვიეს. ორგანული კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატამ ყველა ზემოაღნიშნული პოლიტიკური პარტია სცნო სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადააგზავნა“.