კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, იურისტ ეკა ბესელიას შეფასებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით უკანონო და კერძო საკუთრების ხელყოფაა. ამის შესახებ ბელესიამ From.ge სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ამ ეტაპზე არცერთ სააქციო საზოგადოებაში არ აქვს თავისი წილი და აღნიშნა, რომ ამას ოფიციალური ინფორმაცია და სხვა ჩანაწერებიც ამტკიცებს.
„ასეთ ვითარებაში სხვა პირების ქონებაზე ყადაღის დადება არის კერძო საკუთრების ხელყოფა და დანაშაული. ამიტომ მე ამას ვაფასებ როგორც პოლიტიკურ დევნად და აბსოლუტურ უკანონობად, რომელიც უკვე მერამდენედ ხდება“ - აღნიშნა ბესელიამ.
აქედან გამომდინარე ბესელია აცხადებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ყველა ნორმის დარღვევით და აბსოლუტურად უკანონობით ახორციელებს დაჯარიმებას. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველგვარი სამართლებრივ და პოლიტიკურ მექანიზმებს გამოიყენებს ამ უკანონობის შესაჩერებლად.
„პირველ რიგში უკანონოდ წარმოებული სააღსრულებლო პროცედურების გასაჩივრება მოხდება. თუმცა ბუნებრივია სხვა პოლიტიკურ ბერკეტებსაც გამოვიყენებთ. ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებასაც. ბუნებრივია ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“, აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“ ყადაღა დაადო.