ქეთევან ტომარაძე: მისაღები გამოცდების ახალი სისტემა მორიგი სიყალბეა

ქეთევან ტომარაძე: მისაღები გამოცდების ახალი სისტემა მორიგი სიყალბეა

პარლამენტის განათლების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი, აღმოსავლეთმცოდნე ქეთევან ტომარაძე მიიჩნევს, რომ განათლების სისტემა ქაოსში შევიდა. ხოლო პრეზიდენტის განცხადება მისაღები გამოცდების ახალ სისტემაზე პიარის ნაწილია.

From.ge ქეთევან ტომარაძეს ესაუბრა:   

 

- უზრუნველყოფს თუ არა დღეს სახელმწიფო მაღალი ხარისხის განათლებას?

- 12 წელზე მეტია საქართველოში განათლების რეფორმა მიმდინარეობს. სოლიდური   დაფინანსების, ძვირადღირებული სემინარების, სერიოზულ ექსპერტთა რჩევების, საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, სახეზე სავალალო შედეგია.     განათლების ინდექსით, დღეს ჩვენი  ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით დეკლარირებულ მაღალი ხარისხის განათლებას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს. 

 – ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა?

 - შექმნილ ვითარებაში მთელი პასუხისმგებლობა პარლამენტსა და განათლების სამინისტროს ეკისრება. დღეს არსებული განათლების სისტემა  ქვეყანას ქაოსისკენ მიაქანებს. შექმნილ ვითარებაში  შეუძლებელია თავი მოვიწონოთ რომელიმე სფეროს წარმატებაზე. მთელი სახელმწიფო მანქანა დაავადებულია. მას  მეტასტაზებივით მოედო ტოტალიტარული მართვის ფორმა, რომელიც სხეულს  შლის და ანადგურებს.  განათლების სისტემა ქვეყნის სახეა. ეს  იცის ხელისუფლებამ და ამიტომაც კარგა ხანს თავი მოჰქონდა საერთო ეროვნული გამოცდებით. ეროვნული გამოცდები ამ სისტემის დემოკრატიულად შეფუთვას ემსახურებოდა, რადგან  ერთ სეგმენტში კორუფციის მოსპობამ, ვერ აღმოფხვრა ეს მავნე ტენდენცია. კორუფციამ  ქვემოდან ზევით, საკანონმდებლო  და აღმასრულებელ სტრუქტურებში გადაინაცვლა და იქ მყარად დამკვიდრდა.   

 

- პრეზიდენტის განცხადება ეროვნულ გამოცდების ახალ სისტემასთან დაკავშირებით რამდენად მისაღებია მშობლებისთვის?   

- ახალი ვითარებით ყველაზე მეტად მშობლები დაზარალდებიან. შეძლებულები შედარებით ნაკლებად წუხან, რადგან შვილებს  უცხოეთში სწავლისთვის ამზადებენ. საშუალო შეძლებისანი ეძებენ, რა დარჩათ გასაყიდი, რომ თავიანთი შვილები საიმედო რეპეტიტორების ხელში მოხვდნენ და ოთხი საგნის ნაცვლად ბავშვები  რვა საგანში მოამზადონ.   რეჟიმი განათლების სისტემით მუდმივად  მანიპულირებს, მას  თავის ბინძურ სხეულზე  ირგებს და საკუთარ ინტერესებს უქვემდებარებს. 

- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  მომავალ წელს  გამოცდები ჩატარდება სისტემით რვას პლიუს ერთი, ეს მისაღები არ არის?

-არა. მავანი იფიქრებს, რომ პრეზიდენტი ჩვენს შვილებსა და ჩვენი ოჯახის ბიუჯეტზე ზრუნავს, რადგან ბავშვებს მომზადება აღარ დასჭირდება, მათ ხომ მისაღები გამოცდები არ ექნებათ ჩასაბარებელი. თუმცა, მალე სრულიად სხვა სურათს მივიღებთ.

- რატომ? ევროპულ ქვეყნებშიც ხომ არ აბარებენ მისაღებ გამოცდებს?

- მართალია, მისაღები გამოცდები  არ არის ისეთ  ქვეყნებში, როგორიც გერმანია და საფრანგეთია, მაგრამ იქ სრულიად განსხვავებული სისტემაა. გერმანიასა  და საფრანგეთში  გამოცდებს  მართლაც არ აბრებენ.  არც უნარ-ჩვევებსა და არც სხვა რომელიმე საგანს. საერთოდ, ერთი რამ ვერ გაგვიგია, ეს უნარ-ჩვევები უნდა ისწავლო, თუ ყოველ საგანში უნდა გამოგიმუშავდეს. და  რას ნიშნავს უნარ-ჩვევების გამოცდა, სად ნახეს, სად გაიგონეს? სხვის მიერ უარყოფილ, წარუმატებელ  ექსპერიმენტს ჩვენთან  რისთვის, რატომ ნერგავენ?ჩვენი არა მარტო უფლება, მოვალეობაცაა, მოვთხოვოთ  ხელისუფლებას, გაგვარკვიოს, რას უპირებენ ჩვენ შვილებს. რა აქვთ ჩაფიქრებული სამომავლოდ. გერმანიასა და საფრანგეთში სახელმწიფო მოწყობის განსხვავებული ფორმაა. შესაბამისად, განსხვავებულია მათი განათლების სისტემა. ის, უპირველეს ყოვლისა, ტიპობრივი მრავალფეროვნით გამოირჩევა და ორიერნტირებულია როგორც მეცნიერების განვითარებაზე, ისე პრაქტიკულ საქმიანობაზე. ეს ქვეყნები ზრუნავენ ახალგაზრდების დასაქმებაზე, ავითარებენ წარმოებას, ტექნოლოგიებს და ა. შ.

 – პრეზიდენტის განცხადება წინასაარჩევნო პიარის ნაწილია?

-რა თქმა უნდა. როდესაც პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ახალ, უმაღლეს სასწავლებლებში მიღების  სრულიად განსხვავებულ  მოდელს გვთავაზობს, მისმა დამქაშებმა, რომლებიც  ბიუჯეტიდან სოლიდურ ხელფასებს იღებენ,  კეთილი უნდა ინებონ და  ხალხს განუმარტონ როგორ აპირებენ განათლების ხარისხის ამაღლებას, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის რეფორმირების გარეშე. რა არის ის რეალური მიზეზი,  რომლის გამოც  უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის   სრულიად ახალ ფორმას ნერგავენ.  სხვა შემთხვევაში, საზოგადოება პრეზიდენტის  ნათქვამს აღიქვამს   როგორც მორიგ ტყუილს, მორიგ პიარს ამომრჩეველთა მოსახიბლად. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა - ვიხსნათ  შვილები უსულგულო, კაცთმოძულე, პირადი განდიდების მანიით შეპყრობილი ხელისუფლებისგან. ვერავითარი გამოცდების მოხსნა ვერ უშველის განათლების ხარისხის ამაღლებას. ამისთვის   ხელახლაა ასაგები მთელი სისტემა, უფრო მეტიც, მთელი სახელმწიფო მანქანა. სხვაგვარად ერთიც და მეორეც, ჭაობში კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა,  იქიდან ამოსვლას კი ათეულობით წლები დასჭირდება.