არჩილ კბილაშვილი: ბიძინა ივანიშვილის აქციების დაყადაღება ჰაერზე მოხდა

არჩილ კბილაშვილი: ბიძინა ივანიშვილის აქციების დაყადაღება ჰაერზე მოხდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აღსრულების ბიუროს მიერ,  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის აქციების დაყადაღებას  „ქართუ ჯგუფში“ და  „ქართუ ბანკში“ კანონდარღვევად აფასებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად  მოტივირებული გადაწყვეტილებაა.

„იმ ნაწილში, რომელშიც „ქართუ ბანკისა“ და  სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ აქციებს ყადაღა დაედო,  სააღსრულებლო ბიუროს გადაწყვეტილება სამართლებრივად უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია. არაფერს ვამბობ მაგალითად, „პროგრესს ბანკზე“.  ბიძინა ივანიშვილი „ქართუ ბანკში“ და „ქართუ ჯგუფში“ აქციებს არ ფლობს. შესაბამისად, აქციების დაყადაღება ჰაერზე მოხდა“, - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება,  აღემატება თუ არა დაყადაღებული ქონება  ივანიშვილისადმი დაკისრებული ჯარიმების ოდენობას, კბილაშვილის თქმით, ეს კანონდარღვევად არ მიიჩნევა.

„შეიძლება დაყადაღებული ქონების ღირებულება  მოთხოვნილი ქონების ღირებულებას აღემატებოდეს, მაგრამ ეს პირველ ეტაპზე დარღვევად არ მიიჩნევა. მერე უნდა მოხდეს მისი საერთო შეფასება და აუქციონზე ის ღირებულების ქონება გავა, რა ღირებულებაც დაუშვათ, მოთხოვნას აკმაყოფილებს“, - განაცხადა კბილაშვილმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ერთადერთი მექანიზმი და ბერკეტი ისაა,  „ქართუ ჯგუფმა“,  სასამართლოს  დაყადაღებული ქონების ამორიცხვის, ყადაღიდან გათავისუფლების შესახებ სარჩელით  მიმართოს.

„ალბათ,  ის  სასამართლოშო  სარჩელს შეიტანს. სამართლებრივი გზა ესაა“, - განაცხადა კბილაშილმა.

შეგახსენებთ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ,  2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით,  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“, აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“ ყადაღა დაადო.