"ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

კოალიცია "ქართულ ოცნება"-ში შემავალი პოლიტიკური პარტიების დაჯარიმების შესახებ თავის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს გამოაცხადებს.

კონტროლის პალატის მიერ მიწოდებული შესაბამისი ოქმი სასამართლომ გუშინ განიხილა. ოქმის მიხედვით, მონიტორინგის სამსახური „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების დაჯარიმებას ითხოვს. ცნობილია, რომ მათ შორის 7 ორგანიზაციაა.

შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები - „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატორული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს““, - ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.