2012 წლის 26 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და ძალა დაკარგულად გამოაცხადა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის რიგი ნორმები, რომლის თანახმადაც, უცხოელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს, თუ მან იგი მემკვიდრეობით მიიღო ან მართლზომიერად ფლობდა მას როგორც საქართველოს მოქალაქე. ამასთანავე, უცხოელი ვალდებული იყო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაესხვისებინა საქართველოს მოქალაქეზე ან/და საქართველოს იურიდიულ პირზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მისი საკუთრების შეძენისა და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების შეზღუდვა სადავო ნორმებით ხდებოდა და ვინაიდან კანონის სადავო ნორმები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით, მას საქართველოს მოქალაქისგან განსხვავებულ, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა, იგი ასევე საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებების ერთ-ერთ მახასიათებელს მათი უნივერსალური ბუნება წარმოადგენს. ის არ არის დამოკიდებული მოქალაქეობაზე და ყველა ადამიანზე თანაბრად ვრცელდება.
ადამიანის უფლებათა კონცეფცია ემსახურება უმთავრესი იმპერატივის, ადამიანის ღირსების დაცვას, რომელიც აისახება კიდეც აღნიშნულ უფლებებში. ინდივიდის განხილვა საკუთრების უფლების სუბიექტად უკავშირდება იმ უბრალო ფაქტს, რომ იგი ადამიანია და არ არის დამოკიდებული მის მოქალაქეობრივ კუთვნილებაზე.
უცხოელისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის აკრძალვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული მისი საკუთრების შეძენის უფლების შეზღუდვას და, ამასთანავე, აღნიშნული აკრძალვით ვერ მიიღწევა მოპასუხის მიერ დასახელებული მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები. შესაბამისად, ირღვევა გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არაპროპორციულია, სცდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირის უფლების შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებს და ეწინააღმდეგება (არღვევს) მას.
უცხოელის მიერ მემკვიდრეობის გზით მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ვალდებულება, პროპორციულობის თვალსაზრისით, ფაქტობრივად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენის აკრძალვის იდენტურ შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული შეზღუდვაც არაკონსტიტუციურად ცნო.