"ახალი მემარჯვენეები" NDI-ს დელეგაციას შეხვდნენ

 "ახალი მემარჯვენეები" დღეს NDI-ს დელეგაციას შეხვდნენ, რომელიც  საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებული გარემოს გასაცნობად არის ჩამოსული.

დელეგეცის წევრები  -  მისურის შტატის მდივანი რობინ კარნაჰანი, წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და საერთა­შორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სემ გეჯდენსონი, საქართველოში ევროკავშირის დე­ლეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი  პერ ეკლუნდი,  NDI-ს პრეზიდენ­ტი კენეთ ვოლაკი და NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო  არჩევნებისთვის მზადების პროცესით და  "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური  აქტივობით  დაინტერესდნენ.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა  დავით გამყრელიძემ დელეგაციის წევრებს    ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია და შეხედულებები გააცნო. და იმ  პრობლემებზე ესაუბრა, რომელსაც პარტია წინასაარჩევნო პერიოდში  მოსახლეობასთან შეხვედრების დროს  მედიაგაშუქებასთან, დაკავშირებით აწყდება.

დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ "ახალი მემარჯვენეების" პოზიციით ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის, კონტროლის პალატის და უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე დელეგაციის მხრიდან დაფიქსირდა, რომ ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო გარემოს მონიტორინგი, რომელშიც   საერთაშორისო ორგანიზაციები იქნებიან ჩართული.

შეხვედრას პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე და ერთ- ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია,  საერთაშორისო მდივანი ირინა ფრუიძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაკაბაძეც ესწრებოდნენ.