საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე ბაგრატის ტაძრის საკითხი განიხილეს და მისი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საფრთხე მოიხსნა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის ბაგრატის ტაძრის აღდგენა მნიშვნელოვანია, რადგან ის გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ჩვენ გვჭირდება არა ნანგრევები, არამედ, მოქმედი ტაძარი, სადაც შესაძლებელი იქნება წირვა-ლოცვა და რომელიც საქართველოს აღორძინებისა და აღმშენებლობის განსახიერება იქნება.
პრეზიდენტის თქმით, ქართულმა მხარემ ბაგრატის ტაძრის აღდგენა მსოფლიოში ცნობილ იტალიელ რესტავრატორს ანდო, რომელმაც ტაძრის აღსადგენად პროექტი ყველა წესის დაცვით მოამზადა.
„პრაქტიკულად ტაძრის აღდგენა თითქმის დამთავრებულია. პატარა დეტალი, რომელიც დარჩა, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, ყველა შენიშვნის გათვალისწინებით, რომელიც საპატრიარქოს ჰქონდა. ყველასთან აზრთა შეჯერება მოხდება და ბაგრატის ტაძრის აღდგენის პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - განაცხადა სააკაშვილმა.