საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, იმ ადამიანებისთვის, ვინც კონფლიქტისპირა რეგიონებში ცხოვრობს და რუსული აგრესიის საშინელება გამოსცადა, ბიძინა ივანიშვილის პრორუსული განცხადებები მიუღებელია. აღნიშნული კომენტარი წიკლაურმა დღეს სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.
„რაც შეეხება მერეთში მომხდარ ინციდენტს, მე დეტალებში არა ვარ გარკვეული, მაგრამ ცხადია, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც კონფლიქტისპირა რეგიონებში ცხოვრობს და რომელმაც ყველაზე მეტად თავის თავზე გამოსცადა რუსული აგრესიის საშინელება, მიუღებელი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის პრორუსული განცხადებები. ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის რუსეთის ხელისუფლების მარიონეტი და, შესაძლოა, სწორედ ამით იყოს განპირობებული მათი მძაფრი რეაქცია“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.