ბიძინა ივანიშვილი: კარგად ჩანს, რომ სააკაშვილის საშველი აღარ იქნება და  ის  არჩევნებს წააგებს

ბიძინა ივანიშვილი: კარგად ჩანს, რომ სააკაშვილის საშველი აღარ იქნება და ის არჩევნებს წააგებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გორის რაიონის სოფელ მერეთში  მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და  მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.ივანიშვილის განცხადებით, ამ დაპირისპირებაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და ე.წ. ზონდერები მონაწილეობდნენ. ის ირწმუნება, რომ დაპირისპირებაში მონაწილე არც ერთი ადამიანი ადგილობრივი მცხოვრები არ ყოფილა.

„მე და ირაკლი ალასანია გორის რაიონის სოფელ მერეთში მოსახლეობასთან შეხვედრას ვაპირებდით. მოსახლეობა აბსოლუტურად მობილიზებული იყო. მგონია, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩენილა, ვინც ჩვენთან შეხვედრაზე არ გამოსულა. ყველა იყო განწყობილი, რათა დაესვა შეკითხვები, თუმცა იქ მოიყვანეს ყვითელი ავტობუსით ხალხი, რომელშიც ამოიცნეს კუდ-ის წარმომადგენლები და ე.წ. ზონდერები. ხალხი, რომელსაც მიშა ავტობუსებით ატარებს და, რომელიც მას ტაშს უკრავს“, - განაცხადა  ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა  ე.წ. ზონდერებში გორის რაიონის სამაშველო სამსახურის უფროსიც ამოიცნეს. ივანიშვილი განმარტავს, რომ ის პოლიციას ექვემდებარება და  ხელისუფლების რეალური სახის მაჩვენებლია.

ივანიშვილის განცხადებით, კარგად ჩანს, რომ სააკაშვილის საშველი აღარ იქნება და ის  არჩევნებს წააგებს.

„სამაშველო სამსახურის გამოყენება ხდება იმ პროცესების საშველად, რომელიც ძალიან ლოგიკურად ვითარდება. ხალხი აცნობიერებს, ვინ არის სააკაშვილი და ძალიან დიდი მზადყოფნა არსებობს იმისთვის, რომ არჩევნებამდე  მივიდეთ და მოძალადე ხელისუფლებაზე  უარი ვთქვათ“,- განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ  ინციდენტის დროს დაზარალდა ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.

"ქართულ ოცნების" მაისურში ჩაცმული ერთ-ერთი გოგონა ლიზი შავლუხაშვილი დაზარალდა, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.

"ჩვენ ამ გოგონას აუცილებლად დავეხმარებით. დავეხმარებით ინციდენტის დროს დაზარალებულ ყველა მოქალაქეს. შესაძლოა დღესვე მერეთში ადვოკატების ჯგუფიც მივავლინოთ, რათა იქ სააკაშვილის ზონდერებმა მოსახლეობას საღამოს კიდევ დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას"- აღნიშნა ივანიშვილმა.

 „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  ხელისუფლების მხრიდან  მსგავს ექცესებს არც სამომავლოდ გამორიცხავს.

„ასეთი ტიპის სკანდალები მოსალოდნელია და ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ არ შეშინდნენ და ცოტაც გაუძლონ. ექსცესები აუცილებელიც არის. ეს ერთადერთი იარაღია სააკაშვილისთვის, რომელიც მას პროცესების „სამართავად“ დარჩა,“- განაცხადა ივანიშვილმა.