პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, ნებისმიერი პოლიტიკოსისგან ისეთი სიტყვების მოსმენა, რომ ომი საქრთველომ დაიწყო და ის ოკუპაცია რაც ხდება საქართველოს ბრალია, კრემლის პოლიტიკის გაგრძელებასთან ასოცირდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროცესში ინციდენტებზე თავშეკავებისკენ მოუწოდა. აღნიშნული განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს სოფელ მერეთში „ქართული ოცნების“ ლიდერების სტუმრობაზე და იქ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.
„ეს სოფელი საოკუპაციო ზოლიდან ასეულ მეტრში მდებარეობს და ამიტომ, კარგად მესმის რამდენად მძიმეა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან ისეთი სიტყვების მოსმენა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ის ოკუპაცია, რაც მათ მშობლიურ სახლებში ხდება, საქართველოს ბრალია. მე მესმის, რომ ამ ადამიანებისთვის, როგორც ძალიან ბევრისთვის მთელს ქვეყანაში, ასეთი ბრალდება და სიტყვები ასოცირდება კრემლის პოლიტიკის გაგრძელებასთან და საქართველოში ოკუპანტის ინტერესების დაცვასთან, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დემოკრატია გულისხმობს ნებისმიერი აზრისა და პოზიციის გამოხატვას თავისუფლებას, მისაღების თუ მიუღებელის“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ დემოკრატია გულისხმობს იმას რომ საბოლოო არჩევანს ქართველი ხალხი ოქტომბერში საარჩევნო ყუთებთან გააკეთებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერს და აქტივისტს მოუწოდა, თავი აარიდონ წინასაარჩევნო პერიოდში ნებისმიერ ინციდენტს.
„ვიყოთ თავშეკავებული, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გამონათქვამი ან პოზიცია. ყველას მივცეთ ხალხთან თავისუფლად შეხვედრის და საუბრის საშუალება. ქართველი ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს რომელი პოლიტიკური ძალაა მისთვის მისაღები და რომელი მიუღებელი“, – აღნიშნა ბაქრაძემ.