ევროკავშირი ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის სტრატეგიულ ჩარჩოს ამტკიცებს

ევროკავშირი ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის სტრატეგიულ ჩარჩოს ამტკიცებს

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის სტრატეგიული ჩარჩო და მისი განხორციელების შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა ამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებისათვის ერთიანი სტრატეგიული ჩარჩო და განხორციელების მასშტაბური სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

"ადამიანის უფლებები არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ის ქვაკუთხედი, რომელსაც ემყარება ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით. ამ ყოვლისმომცველი პაკეტით ჩვენ გვსურს ვუზრუნველყოთ ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტურობა და ხილვადობა. სტრატეგიული ჩარჩოს და სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში განხორციელებისათვის, ჩემს მიერ შეთავაზებულ იქნა, დაინიშნოს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში და მე მოველი, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნა სწრაფად მოხდება", _ განაცხადა პაკეტის მიღებისას კეტრინ ეშტონმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

სტრატეგიული ჩარჩო განსაზღვრავს პრინციპებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს, რომლებიც შექმნილია მომდევნო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირის მთელი პოლიტიკის ეფექტურობისა და თანმიმდევრულობის გასაუმჯობებლად. ისინი უზრუნველყოფენ შეთანხმებულ საფუძველს ჭეშმარიტად კოლექტიური ძალისხმევისათვის, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტები.

სტრატეგიული ჩარჩო ასევე ამყარებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ნამდვილი პარტნიორობის ვალდებულებას. სტრატეგიული ჩარჩო ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად გასაგები ენით, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისათვის.

სტრატეგიული ჩარჩოს ძირითადი გზავნილებია:

- ადამიანის უფლებები ევროკავშირის პოლიტიკის ყველა მიმართულებაში

- ადამიანის უფლებათა საყოველთაობის ხელშეწყობა

- თანმიმდევრული მიზნების განხორციელება

- ადამიანის უფლებები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებაში

- ადამიანის უფლებების შესახებ ევროკავშირის პრიორიტეტების განხორციელება

- მუშაობა ორმხრივ პარტნიორებთან

- მუშაობა მრავალმხრივი ინსტიტუტების მეშვეობით

- ევროკავშირის ერთობლივი მუშაობა

სტრატეგიული ჩარჩო ეფუძნება ერთობლივ კომიუნიკეს სახელწოდებით "ადამიანის უფლებები და დემოკრატია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ცენტრში - უფრო ეფექტური მიდგომის მიმართულებით". ის მიღებულ იქნა ევროკომისიის მიერ 2011 წ. 12 დეკემბერს კეტრინ ეშტონის წინადადების საფუძველზე. თავის მხრივ ის იყო შედეგი კონსულტაციების ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც ჯერ კიდევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 2010 წლის მარტში კორდობაში არაფორმალური შეხვედრაზე დაიწყო.

ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის სამოქმედო გეგმა აერთიანებს 97 ქმედებას 36 ძირითადი მიმართულებით, რომლებიც ევროკავშირის საგარეო მოქმედების სამსახურის მიერ ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით განხორციელებული კონსულტაციების საფუძველზე ჩატარდა და ისინი ერთობლივად არიან პასუხისმგებელნი მის განხორციელებაზე. არაფორმალური კონსულტაციები ასევე გაიმართა ევროპარლამენტის დეპუტატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სამოქმედო გეგმა მოიცავს პერიოდს 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომ ევროკავშირმა უნდა წარმოადგინოს მისი განხორციელების მიმართულებით მიღწეული წინსვლა ყოველწლიურ მოხსენებაში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვის შესახებ. ამან საშუალება უნდა მისცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას, შეაფასოს ევროკავშირის ქმედებების შედეგი და ხელი შეუწყოს სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრას.

ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის სტრატეგიული ჩარჩოს მიღება ევროკავშირის პოლიტიკის გადამწყვეტი მომენტია. ევროკავშირს მრავალი განცხადება აქვს გაკეტებული ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თაობაზე, მაგრამ ისინი უმეტესწილად კონკრეტულ საკითხებზე და ქვეყნებზე იყო აქცენტირებული. დროთა განმავლობაში, ევროკავშირმა ასევე შეიმუშავა მთელი რიგი "სახელმძღვანელო მითითებები" და სხვა სტრატეგიული სახელმძღვანელოები, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიღებულია ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი. ეს გვიჩვენებს, რომ ევროკავშირი ასრულებს ლისაბონის ხელშეკრულებაში გაკეთებულ დაპირებას:

"საერთაშორისო არენაზე ევროკავშირის ქმედებები დაფუძნებული იქნება იმ პრინციპებზე, რომლებიც გახდა თავად ევროკავშირის შექმნის, განვითარებისა და გაფართოების შთაგონების წყარო, და რომლებიც მას სურს განავრცოს მთელ მსოფლიოში: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უნივერსალურობა და განუყოფლობა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემა, ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპების პატივისცემა, და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართალის პრინციპების პატივისცემა".

სტრატეგიული ჩარჩოს და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში თავისი წვლილის შეტანის მიზნით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი გამოვიდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის თანამდებობის შექმნის ინიციატივით, რაც ევროკავშირის ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტურობისა და ხილვადობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, შეთავაზებულია რომ თავდაპირველად ეს პიროვნება 2 წლით დაინიშნოს.

ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ფართო, მოქნილი მანდატი, რაც მას არსებულ ვითარებაზე ადაპტირების საშუალებას მისცემს. მან ასევე მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურთან, რომელიც სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს